ქართული საბანკო სისტემა IBAN-ზე გადადის. სიახლე ძალაში 3 მაისიდან შევა, რითაცსაქართველოს დსთ-ს სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, პირველი გახდება. სებ-ში განმარტავენ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა საბანკო გადარიცხვებს გააიაფებს.
ეროვნულ ბანკსა და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის საბანკო ანგარიშების IBAN ფორმატით გამოყენების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
საქართველოს საბანკო სექტორში ანგარიშების IBAN ფორმატში წარმოებით შემცირდება საკომისიო გადასახადები საბანკო გადარიცხვების დროს; მინიმუმამდე შემცირდება საოპერაციო რისკები და მაქსიმალურად გაუმჯობესდება კლიენტის მომსახურების ხარისხი; ასევე, მოხდება ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაცია.
"საერთაშორისო საბანკო ანგარიშის IBAN სისტემასთან მიერთება, გამოიწვევს როგორც გადარიცხვის საკომისიოს, ისე გადარიცხვის პროცედურის შემცირებასაც. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მიუერთდება იმ 47 ქვეყანას, სადაც საბანკო ანგარიშის აღნიშნული მოდელი ფუნქციონირებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.