ტაჯიკეთის კავშირგაბმულობის სამსახურმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" წვდომა, ქვეყნის ხელისუფლებაზე „პასკვილების" გავრცელების გამო აკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ პოპულარულ სოციალურ ქსელში „მთავრობის და სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი მასალები" ვრცელდება, რომელსაც „გაურკვეველი ადამიანები" წერენ.
ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, „ფეისბუქზე" დაკვირვებას, კანონის ფარგლებში, სპეციალური ჯგუფი - „მოხალისე დამკვირვებლები" აწარმოებდნენ. როგორც ამ დაკვირვებიდან გახდა ცნობილი, „ფეისბუქზე" მიმდინარეობს სახელმწიფოს საწინააღმდეგო პროპაგანდა და ამიტომაც საზოგადოება მის აკრძალვას ითხოვდა" - ირწმუნებიან ჩინოვნიკები.
ტაჯიკურმა პროვაიდერებმა უკვე დაბლოკეს „ფეისბუქზე" წვდომა. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა ამ ბრძანების რეალური მოტივაცია, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილების შესრულება მაინც მოუწიათ.