საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს მისია დღეს 17 საათზე ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შეხვდება.
როგორც რამდენიმე დღის უკან გახდა ცნობილი, სსფ-ს მისია ქვეყანაში 2 კვირას დაყოფს და შეხვედრებს გამართავს, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანინმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. საქართველოში სსფ-ს მისიის ჩამოსვლის მთავარი მიზანი მომდევნო ორი წლის ქვეყნის ეკონომიკური და და ფინანსური პოლიტიკის შეთანხმება და შეჯერება იქნება.
შეგახსენებთ, რომ სსფ-ს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 7 %-ით, ხოლო 2013 წელს 6 %-ით გაიზრდება.
„საქართველოში 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შედეგები ძალზედ შთამბეჭდავი იყო. ჩვენ არ გვაქვს ოქტომბრის ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმც სექტემბრის ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდა იყო ძლიერი და 2012 წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. თუმცაღა მინდა ავღნიშნო, რომ გაურკვევლობებმა შესაძლოა წარმოქმნან სისუსტე და შენელება, რაც უმეტესად პოლიტიკური გარემოებებით იქნება განპირობებული. თუმცაღა ყველა მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ძლიერი"- განაცხადა საქართველოში სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა.
რამდენიმე დღის უკან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალ ტემპზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ დოლარში გაცემული სესხების წილი ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. თუმცა როგორც სადიკოვი განმარტავს, 0 %-იანი ინფლაციის ფონზე ლარი საკმაოდ გაძვირდა და ეს გაძვირება ყველაზე მეტად სახეზეა თურქულ ლირასთან მიმართებაში. მისივე განმარტებით, ლარი საკმაოდ გაძვირდა ასევე რუსულ რუბლთან აშშ დოლართან და ევროპულ ევროსთან მიმართებაში.
საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დონე არის საგანგაშო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას გააჩნია ბევრი საჭიროებები და ამ საჭიროებების დასაფინანსებლად ელოდება გარე, უცხოურ შემოდინებებს. თუმცა სსფ-ს მუდმივი წარმომადგენლის განმარტებით, თუ ინვესტორები დაინახავენ, რომ მათი კაპიტალი იქ არ ამოძრავდება, მაშინ ისინი ინვესტირებისგან და ფული დაბადებისგან თავის შეიკავებენ.
„ამიტომ ვიტყვი, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს კარგად მორგებული და კარგად ადაპტირებული"- განმარტავს აზიმ სადიკოვი.