ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტს ძველი ელჩების თანამდებობებზე დატოვებას უკავშირებს და მათი გამოცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ალბათ, დროა მიხედვისა... ნაცებს სხვა საქმე არ აქვთ და ამ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებიან - ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს ... ამაზე, ცხადია, საელჩო არც რეაქციას იძლევა, არც თბილისს ატყობინებს.... შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა რომელიც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში... ანუ ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვის ქვეშ დაყენება... იგივე მიმდინარეობს ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები და ახალ ხელისუფლებას კი არავინ არც იცავს ... უცხო პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ ვითომც არ არსებობდეს როცა ესენი (ნაცები) კი მთელ ენერგიას აქეთ ხარჯავენ.... რატომ არავინ არ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ეხლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენია? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია?" - წერს ზურაბიშვილი.