მომავალი წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების შემცირება დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბიუჯეტში სათანადო თანხები უკვე დევს. ამასთან დიმიტრი შაშკინის თქმით, მომავალი წლიდან ყველა ის მოსწავლე რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება სასკოლო სახელმძღვბანელოებს უფასოდ მიიღებს.
"სახელმძღვანელოებით მათ მომარაგებას სკოლის დამთავრებამდე - 12 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. ეს სამართლიანი პრინციპია", - განაცხადა შაშკინმა.
მისივე განმარტებით, იგეგმება სახელმძღვანელოების გრიფირების გამკაცრება. "შემოდის ტექნიკური პარამეტრები რომლრბსაც გამომცემლებს ივნის-ივლისში გავაცნობთ და გადავცემთ ზუსტ სიას თუ რომელი სახელმძღვანელოები იქნება გამოყენებული სკოლებში მომავალ წელს. შესაბამისად ისინი სწორედ მათ დაბეჭდავენ", - განაცხადა განათლების მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ ამიერიდან სასკოლო სახელმძღვანელოებს შესაბამისი ფასი წიგნზევე დაეწერება, რათა გამყიდვლების მიერ სახელმძღვანელობით სპეკულირება არ მოხდეს.
კიდევ ერთი პრინციპი რაზეც დღევანდელ სხდომაზე განათლების მინისტრმა გაამახვილა ყურადღება ის არის, რომ სახელმძღვანელო რომელსაც სკოლა და მასწავლებელი აირჩევს, შემდეგი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.