განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს შეხვდა. მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა ფორმით მოხდება გამოსაშვები 10 გამოცდის ჩაბარება და სად ჩაატარდება გამოცდები, რა მნიშვნელობა ექნება წარჩინებულებისთვის მინიჭებულ ოქროს მედალს და ა.შ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეთა შეკითხვებს სრულად უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, 2011 წლიდან, მეთორმეტე კლასელებს, რომელთაც ატესტატის აღება და უმაღლესი განათლების მიღება სურთ, საგამოცდო ცენტრებში არა ოთხ, არამედ, ათ გამოცდას ჩააბარებენ. მოსწავლე, რომელიც მინიმალური კომპენტენციის ზღვარს ვერ გადალახავს და ატესტატს ვერ მიიღებს, მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალებას აძლევს საგნები მომდევნო წელს უფასოდ გადააბაროს. ხოლო მოსწავლეებს, რომლთაც უმაღლესში ჩაბარება არ სურთ და მხოლოდ ატესტატის აღება უნდათ, ასეთები რეგისტრაციას ცალკე გაივლიან. საგამოცდო ცენტრებში გამოცდები 2011 წლის ივლისში ჩატარდება.
გამოსაშვები გამოცდების გარდა, მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესება გამოიწვია თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი სახელმძღვანელოების შეცვლასთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები გატარდება სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის საბუნიბისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიების აღდენის თვალსაზრისით. დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპზე ყველა იმ ხარვეზს აღმოფხვრის, რაც საგანმანათლებლო სფეროში არსებობს.