კონსტიტიუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის, ვასილ ჯამალაშვილიცაა. საზოგადოება დაკავებულის ასაკმა, 18-მა წელმა გააოცა და დააინტერესა. როგორ მოხვდა ახალგაზრდა ასეთ მაღალ თანამდებობაზე და არის თუ არა ის ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი? და საერთოდ, ვინ არის პიროვნება, რომლის შექმნილ გენიალურ პროგრამაზე უკვე ლეგენდები ვრცელდება? ამ თემაზე ეს დღეებია ქართული მედია პუბლიკის ინტერესის დაკმაყოფილებას და პასუხის გაცემას ცდილობს.
ტელეკოპანია „მეცხრე არხი" ჯამალაშვილის კუდ-ში მოხვედრის ვერსიებს გვთავაზობს. ტელესიუჟეტის მიხედვით ირკვევა, რომ ჯამალაშვილი კომპიუტერებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაინტერესდა, სკოლა 16 წლის ასაკში, ექსტერნად დაამთავრა, ხოლო 17 წლისა, უკვე კუდ-ს მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლებაში მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 15 წლის ასაკში, მან კუდ-ის ვერ-გვერდი გატეხა. კერძოდ, მან ჩეხეთში ქართველი სათვისტომოს წარმომადგენლის, გიორგი ალანიასთვის გაგზავნილი ვირუსის წარმომავლობა შეისწავლა. აღმოაჩინა, რომ ვირუსი კუდ-იდან იყო გაგზავნილი, დეპარტამენტის ვერ-გვერდი გატეხა და პროგრამები გათიშა. სიუჟეტში ალანია აცხადებს, რომ ის მალავდა ვასიკოს მონაწილეობას მომხდარ ფაქტში, თუმცა ჯამალაშვილმა „თვითონ დადო ეს სადღაც". „გამოსავალი არ დაუტოვეს, რომ არ დაეწყო მუშაობა, მას დაიჭერდნენ" - აღნიშნავს ალანია.
ჯამალაშვილის ადვოკატს, გიორგი ფოფხაძეს კი სხვა ვერსია აქვს. ადვოკატის განცხადებით, მას უწყებაში რეკომენდაცია კომპიუტერული თამაშების კომპანია „პრედატორის" ხელმძღვანელმა გაუწია. შემდეგ მას შეხვდა ვაჟა ლელუაშვილი და 16 წლის ბავშვი წაიყვანა კუდ-ში სამუშაოდ. დაკავებულის ყოფილი მასწავლებლის თქმით, ჯამალაშვილმა პროგრამა კი არ შექმნა, მან უკვე შექმნილი პროგრამების კონფიგურაცია მოახდინა.
ვასილ ჯამალაშვილი დედასთან და 90 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს.. მას, კიბერ-დანაშაულის გარდა, ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში ედება. როგორც ცნობილია, სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.