ვაჟა ლელუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებითY სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ. ადვოკატები დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.
,,დღეს შეგვაქვს საჩივარი შოთა ხიზანიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით. საჩივარი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში შედის. ვითხოვთ, რომ პატიმრობა გაუქმდეს და შეიცვალოს უფრო მსუბუქი სახის აღმკვეთი ღონისძიებით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან შოთა ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება. აგრეთვე, - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ლელუაშვილს კი ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერა, კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვების, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კომპიუტერული პროგრამის, ასევე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აგრეთვე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.