9 თებერვალს, 15:00 საათზე, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ქალები საპატრიარქოს "წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის" ხელმძღვანელობას შეხვდებიან. შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელობის თხოვნით იმართება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქოს "წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი" სამი წელია თანამშრომლობენ. ამ ხნის განმავლობაში "ქალებში კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკისა და დევნილ ქალებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აგრეთვე ტოქსოპლაზმოზზე, ციტომეგალოვირუსსა და ჰერპესის ვირუსზე გამოკვლევის პროგრამების" ფარგლებში ასეულობით დევნილმა ქალმა გამოკვლევა და მკურნალობა ჩაიტარა, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო სახლთან თანამშრომლობასა და მედიკამენტებზე ფასდაკლებებს მომავალი წლისთვისაც გეგმავს.
შეხვედრის ბოლოს კი ომის ვეტერანთა და ძალადობის მსხვერპლთა პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.