საქალაქო სასამართლოში კუდი-სა და სოდ-ის დაკავებული თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს. მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სასამართლომ დღეს 10 მაღალჩინოსის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
დაკავებული ვაჟა ლილუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ისინი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორი არიან.
"ქართული ოცნებისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და რელიგიური ორგანიზაციების წევრების ფარული მოსმენები, შანტაჟით მიღწეული აღიარებითი ჩვენებები და სპეციალური ვირუსული პროგრამების შექმნა პირადი კომპიუტერებიდან მასალების მოსაპოვებლად - ეს ის საქმეებია, რასაც პროკურატურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილს და თბილისის ვიცე-მერს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ შოთა ხიზანიშვილს ედავება.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, ორშაბათს დაუსწრებლად წაუყენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. კბილაშვილის თქმით, ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა.
კერძოდ, მთავარი პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება. კბილაშვილის ვარაუდით, დათა ახალაიას ბრალი ორშაბათს დაუსწრებლად წარედგინება, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.