ბანკების ახალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ფასებს გააძვირებს - ამ განცხადებას უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილი მას შემდეგ აკეთებს, რაც ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა ბინების ყიდვა-გაყიდვა უნაღდო ანგარიშსწორებით გახდეს სავალდებულო.
უძრავი ქონების სააგენტო "ბერუკას" დამფუძნებლის ავთანდილ გუგეშაშვილის განცხადებით, თუკი უნაღდო ანგარიშსწორება სავალდებულო გახდება, მომხმარებელს ბინის გაყიდვისას რამდენიმე სახის გადასახადის გადახდა მოუწევს. მათ შორის აღებული თანხიდან 12% საშემოსავლო გადასახადის სახით უნდა გადაიხადოს, რასაც ბანკის მომსახურების საკომისიო თანხაც ემატება.
გუგეშაშვილის განმარტებით, უნაღდო ანგარიშსწორების დაკანონების შემთხვევაში, მომხმარებელი იძულებული იქნება ბინის გასაყიდი ფასი გაზარდოს, რათა გადასახადების გადახდის შემდეგ სასურველი თანხა დარჩეს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კომერციულ ბანკებთან დათმობაზე წავიდა და საბანკო და საგადასახადო იპოთეკის თაობაზე პრაქტიკულად შეთანხმდა, ბანკებმა კიდევ ერთი საკითხი დააყენეს. ბანკირები წინადადებას ამზადებენ, რათა მთავრობას უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სთხოვონ. საბანკო სექტორი მთავრობას ახალ წინადადებებს ორ კვირაში წარუდგენს.