საქართველოს მთავარ პროკურატურაში ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის ხელახალი გამოძიების მიზნით ადვოკატი ირმა ჭკადუა შესაბამის განცხადებას შეიტანს. როგორც ჟურნალისტებთან ირმა ჭკადუამ განაცხადა, მსჯავრდებული ლევან ცინცაძე, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის საჩივარში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს და დანაშაულთან კავშირს უარყოფს.
ადვოკატის განცხადებით, ლევან კალაძის საქმეში ბევრი უზუსტობა არსებობს.
,,საქმეში არის გამაოგნებელი ფაქტები, რომლიც ყირაზე დააყენებს აღნიშნულ საქმეს. წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ეგონათ მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლების სათავეში და ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ლევან კალაძის მკვლელობა არ გახსნილიყო და ვიღაცას ჩაეთვალა, რომ აღნიშნული საქმე გახსნილია და საქმის შემკვეთები დასჯილი არიან, რაც აბსოლუტურად არ არის ასე", _განაცხა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ლევან კალაძე რამდენიმე წლის წინათ გაიტაცეს და მოკლეს.