ევროსაბჭო უნარშეზღუდულ ბავშვთა მიმართ სპეციალური დაწესებულებების გარეშე მზრუნველობის დანერგვას ითხოვს
მათი განცხადებით, მრავალ ეჭვს იწვევს სპეციალური დაწესებულებების ფარგლებში მზრუნველობის შესაბამისობა ბავშვთა უფლებების განხორციელებასთან. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არც ერთი ბავშვი აღარ უნდა მოთავსდეს ამ ტიპის დაწესებულებებში. გარდა ამისა, როგორც ფართომასშტაბიანი პოლიტიკის ნაწილი, ინსტიტუციური მზრუნველობა გონივრულ ვადაში უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში ინტეგრირებაზე დაფუძნებული მომსახურებებით.
მინისტრთა კომიტეტი აცნობიერებს, რომ მოცემული თვალსაზრისით, წევრ სახელმწიფოებში არსებული დონე ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდება და რომ სპეციალურ დაწესებულებებს გარეშე მზრუნველობის დანერგვა არის უწყვეტი და გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, დოკუმენტი ხაზს უსვამს გარდამავალი პერიოდის მანძილზე ინსტიტუციური სახის მზრუნველობის ადგილებში უნარშეზღუდული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის მნიშვნელობას.
დანერგვას საჭიროებს იმგვარი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით, უნარშეზღუდული ბავშვები და მათი ოჯახები ჩაერთვებიან ახლებურ მომსახურებათა შემუშავების პროცესში, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ უმთავრეს მონაწილეებს.
რამდენიმე წელია, ევროპის საბჭო აქტიურად არის ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვასა და ყველა ბავშვის, მათ შორის უნარშეზღუდულთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის აღმოფხვრაში.
საბჭომ შეიმუშავა ათწლიანი გეგმა 2006-2015 წლებისთვის, რომლის მიზანია ძირეული ცვლილებების შეტანა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ აღქმასა და მათთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებში. უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა. გარდა ამისა, პროგრამის - ვაშენოთ ევროპა ბავშვებისათვის ბავშვებთან ერთად - ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბავშვთა დაცვა ძალადობისგან.
მიჩნეულია, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში, ხანგრძლივი დანიშნულების სამკურნალო დაწესებულებებში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი უნარშეზღუდული ბავშვი და უფროსი.