ჩეხეთის განვითარების საგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტკვინსკიმ და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შოვნაძემ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების მზის ბატარეის სისტემებს შეიძენს.
ხელისმოწერის ცერემონიას ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე ესწრებოდნენ.
"ეს პროექტი თუშეთის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუშეთში ათწლეულების განმავლობაში არ გვქონდა ელექტროენერგია. სახლები და სასტუმროები ნათდებოდა გენერატორებით. ახლა გადავდივართ თანამედროვე ტექნოლოგიების ენერგეტიკულ მომარაგებაზე, როგორიცაა მზის ენერგიით მიღებული ენერგია. ერთი მხრივ, გვექნება შესაძლებლობა დავეხმაროთ ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, სადაც იქნება დამონტაჟებული ასეთი ბატარეები, მეორე მხრივ, ეს დადებითად აისახება იმ ოჯახებზე, რომლებიც მთელ წელიწადს თუშეთში ატარებენ. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კუთხით. მზის ენერგია ხელს შეუწყობს თუშეთის ეროვნულ პარკში გარემოს დაბინძურების შემცირებას, რადგან მზის ენერგია არის ეკოლოგიურად სუფთა. აქედან გამომდინარე, ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროექტის გაფართოებას", - განაცხაადა ცისკარიშვილმა.