,,უახლოეს დღეებში ბაჩო ახალაიას სხვა ციხეში გადაიყვანენ", -განაცხადა ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დეპუტატები #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახალაიას უსაფრთხოების მიზნით მორიგეობას გააგრძელებენ.
,,საზოგადოებრივი აზრი ახლა იმდენად მობილიზებულია, რომ უახლოეს დღეებში ეს ადამიანი გადაყვანილი იქნება ციხის #7 დაწესებულებიდან სხვა ციხეში", -განაცხადა წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაური ბაჩანა ახალაიას დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორებით ხსნის.
,,ეს არის ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება. სოზარ სუბარი არ მოქმედებს დამოუკიდებლად, ის მოქმედებს და ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ბაჩო ახალაიას იქ მიყვანა არის სიმბოლური აქტი. ის მიუყვანეს ქურდებს, იმ ადამიანებს ვინც საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში ებრძოდა", -განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის # 7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ შსს ყოფილ მინისტრის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.