დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მცხოვრები ჰერები ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი, ე.წ. მუღანლოს ხიდის გახსნას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ სასაზღვო - გამშვებ პუნქტთან აქცია გამართეს.
„ხიდი, უკვე მეოთხე წელია, რაც კონტრაბანდის აღკვეთის მოტივით ჩაიკეტა. იქ სასაზღვრო პოლიცია დგას და ხიდს აკონტროლებს. აზერბაიჯანში საავტომობილო მიმოსვლა აკრძალული გვაქვს, მხოლოდ ფეხით გადასვლის ნებას გვაძლევენ. იქით ნათესავები გვყავს, მათ ნახვას ვერ ვახერხებთ და ერთმანეთს ვკარგავთ. როცა ხიდზე ფეხით გადავდივართ, 7 კილომეტრის მანძილის გავლა გვიწევს, რადგან სანამ დასახლებულ პუნქტამდე არ მივალთ, ტრანსპორტი არ არის. აზერბაიჯანში საავტომობილო მიმოსვლა ახლა წნორი-ლაგოდეხის შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ორივე მიმართულებით დამატებით 300 კილომეტრია გასავლელი, ხიდის გავლით კი საინგილო 50 კილომეტრშია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხიდზე ტრანსპორტით გადასვლის საშუალება მოგვცენ, არავითარი კონტრაბანდა ჩვენ არ შემოგვქონდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქციის მონაწილე სანდრო ხილაძემ.
პარლამენტის წევრის ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, ამ საკითხს პარლამენტში განსახილველად აუცილებლად გაიტანს.
„ჩემი ინფორმაციით, მთავრობაში ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ალბათ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ საქმე ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება, მაშინ მე ყველაფერს გავაკეთებ მათ დასახმარებლად", -განაცხადა ლექსო თამაზაშვილმა.
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სამთაწყაროს ხიდი 2010 წლის შემოდგომაზე ჩაიკეტა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი აცხადებდა, რომ ხიდი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოთხოვნით ჩაიკეტა. „ხიდი ამორტიზებულ მდგომარეობაშია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნით", - განაცხადა მაშინ სიბაშვილმა.