კომუნისტური პარტიის ყრილობაზე პეკინში, ქვეყნის ახალი ხელისუფლება წარადგინეს, რომელიც ქვეყნის სათავეში შემდეგი ათი წლის განმავლობაში იქნება. კომპარტიის გენერალური მდივანი, ხუ ძინტაო, როგორც მოსალოდნელი იყო, სი ცზინპინმა შეცვალა - იუწყება „ბი-ბი-სი". კომპარტიის უმაღლესი ორგანოს რაოდენობა კი, ათიდან 7-მდე შემცირდა.
ყრილობაზე, ახალი ლიდერები ასაკის მიხედვით გამოვიდნენ, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე სი ცზინპინის არჩევის შემდეგ, ის პუბლიკის წინაშე სიტყვით წარსდგა. ახალი ხელმძღვანელის მიმართვა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიით და საერთაშორისო მედიით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სი ცზინპინის დროს, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტილი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს უკანასკნელი გაცილებით უკეთ იცნობს დასავლეთს. ჩინურ ბლოგოსფეროში გაჩნდა ინფორმაციები, რომ ახალი გენმდივანი ცნობილ ჩინელ რეფორმისტებს შეხვდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი მასალა, ჯერჯერობით, არ არსებობს. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, ლი კეციანს, მას საინტერესო ბიოგრაფია აქვს: მან მუშაობა ერთ-ერთ ქარხანაში უბრალო მუშად დაიწყო და პარტიის ხელმძღვანელობამდე და პრემიერობამდე გრძელი გზა განვლო. კეციანს აქვს რეპუტაცია ადამიანისა, რომელიც ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რა მიმართულებით შეიცვლება ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სპეციალისტების აზრით, ახლო მომავალში გამოჩნდება.