შპს „ტელეკომპანია პიკს", რომელიც საზოგადოებირვი მაუწყებლის მესამე არხს „პიკს" მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს.
media.ge-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვისეას" გადაეცა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60 პროცენტის გადაცემის სანაცვლოდ, „შვისეა" ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ „შვისეას" „შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით".
„შვისეას" 30 პროცენტი „ტელეკომპანია პიკის" 55 პროცენტის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10 პროცენტი კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ.
„შვისეას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია (Darius Jurgelevicius). ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის (Irytas.lt) ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.
შპს „ტელეკომპანია პიკი" ყოფილი ტელეკომპანია „ალანიაა", რომელიც საერთო სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და რომლის სიხშირეზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხი „პიკი" მაუწყებლობდა. ქვეყანაში სიხშირეების დეფიციტის გამო თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორ სიხშირეს ფლობს, სადაც პირველ და მეორე არხს უშვებს.
2012 წლის დასაწყისში მაუწყებელმა „პიკი" მართვის უფლებით შპს „ტელეკომპანია პიკს" („ალანია") წლის ბოლომდე გადასცა. იმ პერიოდში „ალანია" რუსულენოვანი მაუწყებელი იყო. „პიკის" მართვის უფლების მიღების შემდეგ რეორგანიზაცია მოხდა - „ალანია" „პიკს" შეურთდა, სახელი იურიდიულადაც შეიცვალა, გახდა „ტელეკომპანია პიკი" და საკუთარ სიხშირეზეც „პიკის" სამაუწყებლო ბადე გაუშვა.
მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „ტელეკომპანია პიკს" შორის დავა სატელიტზე სიგნალის არასანქცირებულად აწევასთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც საბოლოოდ ყველა ხელშეკრულების გაუქმება მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწუებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში საკმარისი თანხა გათვალისწინებული არ არის, ამიტომ მომდევნო წლიდან „პიკი" აღარ იმაუწყებლებს.
თავისუფალი რჩება შპს „ტელეკომპანია პიკის" კუთვნილი სიხშირე. კომუნიკაცების ეროვნული კომისიის პრესმდივნის, ხატია ყურაშვილის გამარტებით, კომპანია ვალდებულია დაიცვას სალიცენზიო პირობები და იმაუწყებლოს.
უცნობია რა გეგმები აქვს „ტელეკომპანია პიკის" ახალ მფლობელს. Media.Ge-მ დარიუს იურგელავიჩუსთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოახერხა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ალექსანდრე ფარულავა, რომელიც კომპანიის დირექტორის პოსტს ინარჩუნებს. კომპანიაში მფლობელთა ცვლილებების შესახებ „ტელეკომპანია პიკს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვისაც არ უცნობებია, რასაც კანონი ავალდებულებს. ხატია ყურაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.