საქართველოს პრეზიდენტმა ნატახტარში შოკოლადის ქარხანა "ბარამბო" გახსნა. საწარმოში 50-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება და მასში 160-მდე ადამიანია დასაქმებული.
პრეზიდენტი ტკბილეულის წარმოებით და პროდუქციის სავაჭრო ქსელით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.
"ეკონომიკურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც იხსნება საწარმო, აუცილებელია გზის გაკეთება, რათა ქარხანამდე ნორმალური გზით მისვლა იყოს შესაძლებელი. აუცილებელია სასტუმროების მშენებლობა, რადგან ჩამოვიდნენ ტურისტები და საწარმოში ნაწარმოებ პროდუქციას მომხმარებელი გაუჩნდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ნატახტარში ჩასვლამდე ქვეყნის პირველი პირი მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც უძველესი ქალაქის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაათვალიერა.