ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განმარტებით, 2013 წლიდან, დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმი.
აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით, მიღებული შემოსავალიც წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს.
ებრალიძის განმარტებით, ეს ცვლილება 2013 წლის საშემოსავლო ნაწილზე უარყოფით ცვლილებას არ მოახდენს, რადგან წლის განმავლობაში მოხდება ყველა დაქირავებული ფიზიკური პირის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ხოლო იმ პირებს ვინც აღნიშნული საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ კუთვნილი თანხა მომავალ წელს დაუბრუნდებათ. ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან გამოიწვევს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს მოქნილი პრინციპის შემოღებას სთხოვს. მან აღნიშნა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სამომხმარებლო კალათასთან მიმართებაში უნდა იყოს დაანგარიშებული.დღესვე, კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობას გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და მისი პარლამენტში წარდგენა მოსთხოვა. „საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი. ხალხმა უნდა იცოდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიხმარს თუ გენმოდეფიცირებულს და არჩევანი ამის შემდეგ თავად გააკეთონ. მიუღებელია პოზიცია, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის აკრძალვა ფასებს ზრდას გამოიწვევს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
კომიტეტის წევრებმა თავიანთი შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვისთვის დარგის მიმართულებით სამინისტროს წარმომადგენლების დასწრება კატეგორიულად მოითხოვა.