ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის კომიტეტის ინფორმაციით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნება 21.5 მლნ. ლარით განისაზღვრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი არაა საბოლოო ვარიანტი და სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება საკომიტეტო მოსმენების შემდეგ განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ მომავალი წლისთვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის შემცირების საკითხი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მაჩვენებლებით სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, იგეგმება სამინისტროს რეორგანიზება და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეინტეგრაცია, შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი საბიუჯეტო მონაცემები შეიცვლება და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსება, სავარაუდოდ 22 მლნ. ლარამდე გაიზრდება. ამ თანხას დაემატება უცხოური გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები. კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ საბიუჯეტო კანონპროექტს და გიორგი გაჩეჩილაძის გარდა, რომელმაც მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებით საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბიძინა გუჯაბიძის განცხადებით, კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება გარემოსდაცვითი ღონისძიებების მუშაობაში და მხარს დაუჭერს ყველა იმ პროექტს, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სასიკეთოდ იქნა მიმართული.