ხვალ, 9 ნოემბერს, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი გაიმართება. სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, ამასთან, ახალაიას დაუმძიმდა. ახალაიას სისხლის სამართლის კოდექის 333-ე მუხლთან ერთად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წაუყენეს. ადვოკატების განცხადებით, ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს.
ადვოკატების ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ახალაია 7 ნოემბერს, 01:00 საათზე, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს, გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე - თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერსვე, 05:20 საათზე, ხოლო მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა - საკუთარ სახლში 06:00 საათზე.
დაკავებულებს ბრალი 8 ნოემბერს წარუდგინეს. 24 საათის განმავლობაში მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.