"მე არასოდეს მისაუბრია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ყოველთვის ვწონი ჩემს სიტყვებს, ვწონი, თუ რა უნდა ვთქვა და რა არ უნდა ვთქვა", - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე, სადაც მას მის მიერ 2001 წლის 15-23 მარტს სოჭში გამართულ ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე - "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია" - წარმოთქმული სიტყვები შეახსენეს.
"იქ აკლია სიტყვა, რომელიც მე არ მითქვამს - რა აღიარებაზე მიდის საუბარი. იქნებ მე ვსაუბრობ ავტონომიურ რესპუბლიკად აღიარებაზე. იქ არის სიტყვა "დამოუკიდებლობა"? შეგიძლიათ წამიკითხოთ სიტყვა "დამოუკიდებლობა"? საქმეც ისაა, რომ ეს იყო ნათქვამი ისე, რომ ყველა მკითხველს სხვადასხვანაირად წაეკითხა. იქ არ წერია სიტყვა "დამოუკიდებლობა". მე ვადასტურებდი, რომ კორუმპირებული საქართველო აფხაზეთის საკითხით ვერ დაკავდებოდა მანამ, ვიდრე კორუფციის საკითხი არ გადაწყდებოდა. საქართველოში მაშინ საშინელი კორუფცია იყო", - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ის სიტყვა "დამოუკიდებლობას" ყოველთვის სპეციალურად გვერდს უვლის.
"სიტყვა "დამოუკიდებლობას" ყოველთვის სპეციალურად ვტოვებ, არასოდეს ვიყენებ. ყოველთვის ვწონი ჩემს სიტყვებს, ვწონი, რა უნდა ვთქვა და რა არ უნდა ვთქვა. გმადლობთ, რომ შემახდენეთ. მე არასოდეს მისაუბრია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სიტყვა "აღიარება" ნეიტრალური სიტყვაა და მოდით სიტყვებს ისე მოვეპყრათ, რისთვისაც ისინი არიან შექმნილი. სიტყვა "აღიარებას" ძალიან ბევრი კუთხე აქვთ. შეიძლება აფხაზეთი ვაღიაროთ: კონფედერაციად, ავტონომიად, ფედერაციად - ყველაფერი შეიძლება, მაგრამ იქ არ წერია თუ რა "აღიარებაზე" მიდის საუბარი. ვისაც უნდა, როგორც საჭიროა ისე გაიგებს. ვადასტურებ, რომ არავითარ დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არ მიდის",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ის იყო მონაწილე იმ კონცეფციის შექმნისა, რომელშიც იყო საუბარი აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში
"მე ვიყავი მონაწილე იმ კონცეფციის შექმნისა, სადაც წერია აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ საქართველოს შემადგენლობაში. ეს კონცეფცია მარტო მე არ დამიწერია, ეს დაწერა დავით ბაქრაძემ, კოტე კუბლაშვილმა, დავით დარჩიაშვილმა, ანუ იმ ადამიანებმა რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში და რომლებმაც შემდეგ ამ დოკუმენტზე უარი თქვეს. რატომღაც ამას არავინ ამბობს და ციტირებენ მხოლოდ იმ ბუნდოვან რაღაცებს, სადაც სპეციალურად ასე ბუნდოვნად არის ნათქვამი იმისთვის, რომ რაღაც დიალოგი დაწყებულიყო", - აცხადებს ზაქარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 15-23 მარტს სოჭში გამართულ ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია" - აფხაზი ექსპერტის, ბათალ კობახიას კითხვას: "პაატა, შენ გინდა თქვა, რომ ვიდრე თქვენ კორუფციას ბოლოს არ მოუღებთ, რეალურად საერთო ენას აფხაზებთან ვერ გამონახავთ?"პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: "რა თქმა უნდა. აფხაზური საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო შეძლებს. ახლა რომ ჩვენ აფხაზეთი ვაღიაროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აფხაზეთის აღიარება (ღმერთმაც ქნას, რომ ეს მოხდეს) მოხდება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებში. მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ბოლო აკორდიც. აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა დაიწყება. მაგრამ ეს გვიან იქნება, ამიტომაც თქვენ არ უნდა ელოდოთ".