დღეიდან, 8 თებერვლიდან, გამოცდების ეროვნული ცენტრი 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციას იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აბიტურიენტები სკოლებში და რესურსცენტრებში მიიღებენ ცნობარს, რომელშიც გამოქვეყნებულია სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაცია.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას გაივლიან საკუთარ სკოლებში. სკოლადამთავრებულების რეგისტრაცია იწარმოებს:
რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
თბილისში - შემდეგ მისამართებზე:
ვაკე-საბურთალო - 165-ე საჯარო სკოლა ფალიაშვილის ქ. N57
მთაწმინდა-კრწანისი - 193-ე საჯარო სკოლა ლაღიძის ქ. N7
ისანი-სამგორი - 89-ე საჯარო სკოლა ქეთევან წამებულის ქ.N40
დიდუბე-ჩუღურეთი - 150-ე საჯარო სკოლა დგებუაძის ქ. N8
გლდანი-ნაძალადევი - მე-9 საჯარო სკოლა სააკაძის N29
რეგისტრაციის პროცესი დასრულდება 22 მარტს.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას
2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).
აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის დააგროვებს თითოეული გამოცდისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს (უცხოური ენებისათვის 20%-ზე მეტს). უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ზოგადი უნარების ტესტის თითოეულ ნაწილში იქნება 40 (და არა 50) დავალება, ხოლო ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტებს კვლავ 3 საათი მიეცემათ.
2010 წელს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამ გამოცდის საფუძველზე მიღებული სკალირებული ქულით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.