საზოგადოებრივ მაუწყებელს გეგმური საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინება 6 ნოემბერს ჩაჰბარდა. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აკეთებს.
ხადურის განმარტებით, გუშინ, 13:00 საათზე - და არა დღეს, როგორც ეს გიორგი ჭანტურიამ განაცხადა - ჩაჰბარდა შესაბამისი განაცხადი, რომ მაუწყებელში საგადასახადო შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შედიოდა.
"შესამოწმებელი ობიექტები საქართველოში შეირჩევა სპეციალური ელეტრონული პროგრამის საფუძველზე, რისკფაქტორებზე დაყრდნობით. საზოგადოებრივი მაუწყებელი და შპს "კეი 1": მოხვდა მაღალი რისკფაქტორის ჯგუფში. ამ ჯგუფში მოხვდნენ სხვა კომპანიებიც, რომელთა შემოწმებაც უახლოეს ხანებში დაიწყება", - განმარტა ხადურმა.
ხადური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2010 წლის ჩათვლით მაუწყებელს დაგროვილი აქვს 3,8 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება.
"ეს არეს კანონდარღვევა და გვაძლევს უფლებას, გამოვიყვენოთ ჩვენი ექსკლუზიური უფლება და გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ამ საგადასახადო დავალიანების დაგროვება. ბოდიში უნდა მოვიხადო კავკასიის წინაშე, რომ ანალოგიური შემთხვევისთვის, 2,50 ლარისთვის, შემოსავლების სამსახურმა კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაადო", - განმარტა ხადურმა.
მინისტრმა განმარტა, რომ საგადასახადო ოფიცრებს მიცემული აქვთ დავალება, ხელი არ შეუშალონ საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშაობაში. მინისტრმა განმარტა, რომ გუშინ მასა და გიორგი ჭანტურიას შორის შედგა შეხვედრა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მუშაობას ხელს არ შეუშლიდნენ.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონისა და მორალის სრული დაცვით, დღეიოდან საქართველოში არ იარსებებს პრივილეგირებული გადასახადების გადამხდელი, რომელსაც შემოსავლების სამსახური არ შეამოწმებს", - განმარტა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, "დღეს არის 7 ნოემბერი და ისევე როგორც მაშინ "იმედისთვის", დღესაც 7 ნოემბერია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის". ჭანტურიას განმარტებით, შესაძლოა ძველი და ახალი ხელისუფლება ვერ თანხმდება ბევრ რამეში, მაგრამ 7 ნოემბერთან მიმართებაში მათი ქმედებები თანხვედრია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მან შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტი, ანუ რა გეგმის მიხედვით შევიდა მაკონტროლებელი უწყებაში. ჭანტურიას განმარტებით, შემოწმების ფაქტს, საზოგადოებრივი მაუწყებელი დეტალურად გააშუქებს, რითაც მაკონტროლებლების მუშაობას ხელი არ შეეშლება.