თურქეთი და მისი მოკავშირეები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, სირიის სახელისუფლო ძალების მხრიდან ოპოზიციონერთა შენაერთებზე თავდასხმების აღსაკვეთად, "პატრიოტის" ტიპის რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
როგორც თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რაკეტების გამოყენება მიჩნეულია ერთ-ერთ სავარაუდო სცენერად, რომელიც სირიის სახელისუფლო ძალებს არა მხოლოდ ოპოზიციის საბრძოლო შენაერთებზე, ასევე, მოსახლეობაზე თავდასხმის შესაძლებლობას აღარ მისცემს.
ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზედაც მნიშვნელოვნად დაიძაბა, რის შემდეგაც თურქეთის არმიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საწყობებზე 87 საარტილერიო დატყმა განახორციელა, ხოლო სირიელებმა თურქებს ანალოგიურად უპასუხეს. საპასუხო დარტყმის შედეგად კი 12 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ სირიასა და თურქეთს შორის ვითარება 2012 წლის ივნისში დაიძაბა, როდესაც სირიის არმიამ თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ორივე პილოტი დაიღუპა. მოგვიანებით, სირიამ თურქეთის სასაზღვრო რეგიონი დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 11 ადამიანი. საპასუხოდ, თურქეთმა მეზობლის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოების დაწყების ბრძანება გასცა.