რუსულ საზოგადოებაში მორალური ხასიათის ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც რუს ტურისტ ქალებს ეხება. რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად თათარი 46 წლის ქალბატონის, ვინმე გალიმოვას განცხადებამ, რომელიც ბაშკირეთში პედაგოგად მუშაობს, „ფეისბუქზე" დიდი სკანდალი გამოიწვია. ქალბატონი, რომელიც ხშირად ისვენებს თურქულ კურორტ ქემერში, ირწმუნება, რომ რუსი ქალბატონები, „საკუთარი უკანალით", აფუჭებენ თურქ მამაკაცებს და მზად არიან მათთან, ყველაზე იაფიანი საჩუქრების სანაცვლოდაც კი, სექსით დაკავდნენ.
„ლაიფ-ნიუსის" ინფორმაციით, მოგზაური ქალბატონის პოსტი, რომელიც მის ბლოგზე გამოქვეყნდა, მალევე იქნა წაშლილი, თუმცა, მან მოასწრო და რუსულ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მასწავლებლის მონათხრობი სავსეა რუსი ტურისტი ქალებისადმი სიძულვილის გამომხატველი და არაკორექტული ფრაზებით. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეს კონკრეტული პოსტი, შესაძლოა, ქვეყნის მთავარი პროკურატურის დაინტერესების საგანიც გახდეს, როგორც ქსენოფობიური და ეთნიკურ ჯგუფებს შორის სიძულვილის გამაღვივებელი განცხადება.
„რუსო დედაკაცებო, რომლებიც თურქეთში ისვენებთ, როგორ ახერხებთ, რომ ყველაფერი გააფუჭოთ თქვენს გარშემო და წაუხდინოთ მენტალიტეტი თურქ მამაკაცებს?" - ასე იწყებს თავის მიმართვას გალიმოვა და აგრძელებს იმით, რომ ქალბატონებს საკუთარი სხეულით ვაჭრობაში ადანაშაულებს. მასწავლებელი ირწმუნება, რომ რუსი ქალების საქციელმა, სხვა ეროვნების ქალბატონებსაც გაუტეხა სახელი და ამის შემდეგ, თურქი მამაკაცები ყველა ქალს, ვინც ჩრდილოეთიდან დასასვენებლად ჩადის, როგორც მეძავებს, ისე უყურებენ, ხშირად თავს ესხმიან დამსვენებლებს, რის გამოც ქალები იძულებული ხდებიან, დასახმარებლად დაცვას მიმართონ.
ბაშკირელ ქალს, ამ განცხადებების გამო, შესაძლოა, სამსახურიც დაატოვებინონ, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თვით ეთნიკურ რუსებშიც გამოჩნდა ერთი კატეგორია, რომელიც მას მხარდაჭერას უცხადებს.
სხვათა შორის, რუსებს, უცხოეთში მორალური იმიჯის გაფუჭების თემა უკვე სახელმწიფო დონეზეც კი აწუხებთ. მაგალითად, ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო შეთავაზება, უცხოეთში წამსვლელ ეთნიკურ რუსებს ტესტირება ჩაუტაროს და მისი შედეგების მიხედვით გასცეს ვიზა, რათა მათ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი არ შელახონ.
მასალის გამოყენების პირობები