,,ხელისუფლება უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს კახელებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას", _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერის ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა.
გავრცელებულ განაცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა. შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა, _აღნიშნულია განაცხადებაში.
,,ქართული ოცნების"ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ" უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას,_ ნათქვამია განაცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კვლავ პრიორიტეტულია კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულფასოვნად ანაზღაურების საკითხი და როგორც არაერთხელ განაცხადა, მზად არის დაეხმაროს კახელ გლეხებს, -ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული განცახდების თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს, შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნა, მიზეზად კი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დაასახელა. გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის" წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება", -აღნიშნულია განცახდებაში.
,,ქართული ოცნების" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება უკანონოდ განხორციელდა.
,,აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ, როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", _ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობისთვის გადარიცხული 80 მილიონი უკან დაიბრუნა.