კანონის სრული დაცვით ბიუჯეტი პარლამენტში განსახილველად 5 ნოემბრამდე შევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი განმარტებით, ახალ მინისტრთა კაბინეტთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგად შემუშავებულია ბიუჯეტი, რომელშიც წინასაარჩევნო დაპირებები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და ამ დაპირებების აღსრულება მოსახლეობისთვის 2013 წლიდან დაიწყება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არასაჭირო პროექტები, ანუ საუბარია იმ პროექტებზე, რომლის აუცილებლობა უახლოეს წლებში არ დგას, აღარ განხორციელდება და ეს სახსრები მნიშვნელოვანი პროექტებისკენ მიემართება.
ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრო აღარ ააშენებს გარკვეულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, ახალ "გეზებს", დაასრულებს წინარე პროექტებს, საუბარია საბაჟოთა რეაბილიტაციაზე და, შესაბამისად, უწყება დაფინანსდება 10 პროცენტით ნაკლებით, ვიდრე იყო 2012 წელს.
ხადურის განმარტებით, გასული წლის მსგავსად ყველზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სექტორს ექნება. მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გაქრება სხვა შემოსავლების მუხლი და იქ ჩაიწერება სხვა შემოსავლების განმარტებები და მასში შესული თანხების განკარგვის შესახებ დეტალურად იქნება გაწერილი.