სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაში 5 პატიმარი შიმშილობას აგრძელებს. 2 მათგანი უკვე მესამე დღეა კარცერშია გადაყვანილი. პატიმრები დაწესებულების ახალი დირექტორის ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
პატიმრებმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ახალი დირექტორის მითითებით მათ საკნებში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჭურჭლის, საკვების და სხვა ნივთების კარადაში შენახვა მოსთხოვეს. კარადა ზომით ძალიან პატარაა და პატიმრების თქმით, შეუძლებელია იქ ყველაფერი ერთად მოათავსო. ორმა პატიმარმა დირექტორის მოთხოვნა გააპროტესტა, რის შემდეგაც ისინი დირექტორის კაბინეტში გადაიყვანეს. პატიმრების თქმით, მათ ლევან აბურჯანია დაემუქრათ, რომ ბაჩო ახალიას მმართველობა მოგონება იქნება, თუ მის მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, რაც პატიმრებმა სიტყვიერად გააპროტესტეს. ამის შემდეგ ორივე პატიმარი კარცერში მოათავსეს. პროტესტის ნიშნად კარცერში მოთავსებულმა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს, მათ სოლიდარობა თანამესაკნეებმაც გამოუცხადეს.
სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ის ლოტკინის და გარდაბნის პოლიციის ყოფილი უფროსია და მის სახელს ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი უკავშირდება.
პატიმრების პროტესტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ლევან აბურჯანიას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს. „დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დავძაბავთ სიტუაციას, თუ თავისუფლება არ გვექნებაო. დღეს მოითხოვეს, რომ დირექტორი წავიდეს, რადგან პირველ წინადადებაზე არ წავედით. ასეთ მოთხოვნას არ გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს და ვინმეს უფლებებს დაარღვევს, პირველი ვინც მის მიმართ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, მე ვიქნები", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.