ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ახმედ ჩატაევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. ადვოკატი ახმედ ჩატაევისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.
პროკურატურა ახმედ ჩატაევს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეში შსს-ს 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყელამაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია. კერესელიძემ და ტყემალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში არ დაადასტურეს, რომ ჩატაევი შეიარაღებული იყო. კერესელიძის თქმით, მას ჩვენებაზე ხელი კუდ-ში მოაწერინეს. ისივე ჩვენება მისცა კერესელიძემ ტელეკომპანია „მეცხრე არხსაც". ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
მასალის გამოყენების პირობები