პოლონელმა გამომძიებლებმა თვითმფრინავის დეტალებზე, რომლის კატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მის გარდა კიდევ 95 ადამიანი დაიღუპა ასაფეთქებელი ნივთიერების ტროტილისა და ნიტროგლიცერინის კვალი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
"ახალი ექსპერტიზის შედეგები, რომელიც დაახოებით ერთი თვის წინ ჩაატარეს, პოლონური მხარისათვის უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მან მათი გასაჯაროება", _ განაცხადა გაზეთ "Rzeczpospolita"-სთან საუბარში ქვეყნის გენპროკურორმა ანჟეი შერემეტმა.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ პოლონურ მხარეს რუსულ პიროტექნიკურ ექსპერტიზასთან პრეტენზიები ჰქონდა. მათი თქმით, მისი შედეგები "პროცედურულ მოთხოვნებს არ პასუხობდა". პოლონელმა ექსპერტებმა უარიც კი განაცხადეს კატასტროფის შედეგების საბოლოო აქტის ხელმოწერაზე დაწვრილებითი გამოკვლევის გარეშე და ამისათვის ისინი კვლავ სმოლენსკში გამგზავრებას მოითხოვდნენ.
შედეგაც პოლონელი ექსპერტები სმოლენსკში გაემგზავრნენ. გაზეთის ინფორმაციით, მათ თან უახლესი მოწყობილობები ჩაიტანეს. ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი კი თვითმფრინავს 30 -ზ მეტ ნამსხვრევზე აღმოაჩინეს.
ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად ვერ ამტკიცებენ, თუ საიდან უნდა გაჩენილიყო ასაფეთქებელი ნივთიერება იქ. ერთ ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა მომხდარიყო ფიუზელიაჟის კონტაქტის შემდეგ მიწასთან, რომელშიც დღემდე პოულობენ მრავალრიცხოვან საბრძოლო მასალას, რომელიც იქ მეორე მსოფლიო ომის დროიდან დარჩა. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროს სმოლენსკის მიდამოებში ბრძოლები მიმდინარეობდა.
დღეს პოლონეთის დედაქალაქში ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უნდა ჩატარდეს, რომელზეც სამხედრო პროკურატურის პასუხისმგებელი პირები ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრებენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ პოლონური იაკ 40 -ის ბორტინჟინერი რემიგიუშ მუსი, რომელიც სმოლენსკთან ჩამოვარდნილი პოლონური ტუ 154-ის კატასტროფის ერთ ერთი მთავარი და საკვანძო მოწმე იყო, ვარშავასთან ახლოს, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. განცხადება ამის შესახებ ვარშავის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა დარიუშ სლეპოკურამ გააკეთა.
"ცხედარი იმ სახლის სარდაფში იქნა ნაპოვნი, სადაც ის და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. პოლიციასა და პროკურორებს არ აქვთ საფუძველი იმისა იეჭვონ, რომ 42 წლის მუსის სიკვდილში მესამე პიროვნებებია დამნაშავე", _ განაცხადა დარიუშ სლეპოკურამ პოლონურ რადიოეთერში საუბრისას.
მუსი საპრეზიდენტო ტუ 154-ის კატასტროფის დროს თვითმფრინავ იაკ 40-ის კაბინაში იმყოფებოდა, რომელიც ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე აეროპორტ "სმოლენსკ-სევერნი"-ში დაჯდა და ბორტის რადიოსადგურის მეშვეობით საბედისწერო რეისისა და სმოლენსკელი დისპეჩერების საუბრებს ისმენდა.
ბორტინჟინერმა თავის ჩვენებებში მიუთითა, რომ მორიგემ პრეზიდენტის თვითმფრინავს, მიუხედავად სქელი ნისლისა 50 მეტრის სიმაღლეზე დაშვების უფლება მისცა.
ოფიციალური ვერსიით, კი დისპეჩერს ნება არ დაურთავს 100 მეტრის სიმაღლეზე დაბლა დაშვებისა. ავიაკატასტროფის მიზეზების გამომწვევი პოლონეთის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ანტონი მაჩერევიჩი მიიჩნევს, რომ მუსი ორ საკვანძო მოწმეთაგან ერთ ერთი იყო ამ საქმესთან მიმართებაში. მეორე მოწმე იაკ 40-ის პილოტია, რომელიც ახლა დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
"ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს, რომ ყველას თავზე, ვისაც კი სმოლენსტკის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის მოყოლა შეუძლია მარყუჟი ვიწროვდება",_ აცხადებს მაჩერევიჩი, რომელიც ამ კატასტროფის გამომწვევ მიზეზად შეთქმულების ვერსიის მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს პრეზიდენტ პეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა სმოლენსკთან კატასტოფა განიცადა. ბორტზე სულ, პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ჩათვლით 96 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 88 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. ყველა მათგანი დაიღუპა.