ცხინვალის რეგიონში მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბალთის" მონაკვეთზე (ზნაურის რაიონი) დაკავებულია უცნობი პირი, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან "უკანონოდ გადაკვეთა".
"დაკავებულს თან პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ აღმოაჩნდა. მან თავად განაცხადა, რომ არის საქართველოს მოქალაქე და დასახლებულ პუნქტ კოდაში ცხოვრობს. დაკავებულის განცხადებით, მან სახელმწიფო საზღვარი იმიტომ გადაკვეთა, რომ იქ რუსეთის მოქალაქე ქალი უნდა ენახა და საქართველოში ნათესავებთან ჩაეყვანა.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი რუსეთის მოქალაქე ქალი, საქართველოში გადასვლის მცდელობისას დააკავეს", _ იუწყება სამმართველოს პრესსამსახური.
ოსური მედიის ინფორმაციით, დამრღვევები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ და საქმეში მომავალი გარკვევის მიზნით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს.