საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი ცხადდება.
პრეზიდნტის ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრიდან ცხადდება ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
შესარჩევი კონკურის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო საბუთები უნდა წარდგინონ კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
ამასთან, თუ პრეზიდენტის განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი; ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება); ვ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 ნაწილითა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
მასალის გამოყენების პირობები