დღეს ცხინვალში გამართულ თათბირზე "რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე იმსჯელეს". ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. თავდაცვის მინისტრის ვალერი იახოვეცის განცხადებით, ეს საკითხი - ყველაზე რთული საკითხი იყო რუს "კოლეგებთან" შეხვედრისას. ამავე დროს, ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი "უმაღლეს დონეზე" განიხილა.
"არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც ხელი აქვთ მოწერილი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებს. ამ შეთანხმების მიხედვით ჩვენი არმია 250 ადამიანამდე უნდა შემცირდეს. ამ შეთანხმების არსებობა დიდ სირთულეებს შექმნის ჩვენი არმიის ახლანდელი რაოდენობის შენარჩუნებისთვის",_ აცხადებს თიბილოვი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მიღწეულია შეთანხმება, იმის შესახებ, რომ 2014 წლის პირველ ნახევრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების რაოდენობა არ შემცირდება.