საპატიმრო დაწესებულებებიდან დღეს და ხვალ 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც 180 საწოლზეა გათვლილი, 247 პატიმარი მკურნალობს. გარდა ამისა, შიმშილობდა ორი პატიმარი, რომლებმაც პროტესტის უკიდურესი ფორმა უკვე შეწყვიტეს.
"გუშინ პირობით ვადამდე გათავისუფლდა 35 პატიმარი, დღეს და ხვალ კი პირობით ვადამდე საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე განმარტებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება ნებისმიერ მუხლს შეეხოს.