"ოსი ხალხის ხელოვნური გახლეჩვა მძიმედ გადასატანია, როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ოსეთში", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და აღნიშნა, რომ ოსი ხალხის გაერთიანებისა და ე.წ. ერთიან ოსეთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის იდეამ თავისი განვითარება უნდა ჰპოვოს. ეს განცხადებები ოს სეპარატისტთა ლიდერმა "რაშა თუდეი"-სთან საუბარში გააკეთა.
"ჩვენ დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ოსეთის გაერთიანების იდეა ყოველთვის ცოცხლობდა თითოეულ ჩვენთაგანში და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ იდეამ განვითარება უნდა ჰპოვოს",_ განაცხადა თიბილოვმა.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის დახმარების გარეშე "სამხრეთ ოსეთს ძალიან ძალიან გაუჭირდებოდა" და რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალებს 58-ე არმიის მეოთხე ბაზა იმყოფება, რომელიც ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებას იცავს.
ოს სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთოიერთობების დალაგებისათვის აუცილებელია იმ მოვლენებისათვის შესაბამისი პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასების მიცემა, რომლებიც 1989 წლიდან მოხდა. "მხედველობაში მაქვს ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკის დანგრება, 2004 წლის ომი და 2008 წლის ომი",_ განმარტავს თიბილოვი.