აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი ზურაბ თორაძის საქმე აფხაზეთის ე.წ. უმაღლეს სასამართლოში გადააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, ზურაბ თორაძეს გამოძიება ადანაშაულებს იმაში, რომ 2012 წლის 4 ივნისს მან "უკანონოდ გადაკვეთა მდინარე ენგურზე მდებარე საზღვარი აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ლიზბერტ პოცხორ-ოღლის მკვლელობის მიზნით.
ამის შემდეგ, თორაძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდგენელ გარემოებებში ჩაფიქრებული მკვლელობის განსახორციელებლად შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ოჩამჩირის რაონულ პროკურატურისა და რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მისი დამნაშავეობრივი ქმედებები აღკვეთილ იქნა", _ ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თორაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.