სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში შვეიცარიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების დეპარტამენტის დირექტორი მანუელ ბესსლერი ხელმძღვანელობდა. სეპარატისტების განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დელეგაცია სოხუმში პირდაპირ ბერნიდან ჩავიდა.
"ჩვენ მივესალმებით პირდაპირ კონტაქტებს ევროპელ დიპლომატებთან",_ განაცხადა ჩირიკბამ.
შვეიცარიის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის მიზანი ჰუმანიტარული პროგრამებია და როგორც მანუელ ბესსლერმა აღნიშნა, მათ ინფორმაციის მიღება უშუალოდ რეგიონებიდან სურთ. შეხვედრის დასწყისში ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში შვეიცარიელი ტურისტები ჩავლენ.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ ამის შემდეგ შეხვედრა მედიის დასწრების გარეშე წარიმართა.