სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა დღეს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შენობა გახსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებული იქნება მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაზე, პროფესიულ გადამზადებაზე და მომავლის დაგეგმვისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე.
დაწესებულების ეფექტური მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების განტვირთვისათვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.
დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში მსჯავრდებულებს არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობისა და გადაადგილების უფლება.
გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მსჯავრდებულებს გარანტირებული ექნებათ ხანმოკლე პაემნის უფლება, ხოლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უქმე დღეებში, დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა მიეცემათ.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ სააგენტოს მიერ შექმნილ სხვადასხვა პროფილის საწარმოში.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულები გაივლიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, აქვე შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება.