2012 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1169 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (941 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (545 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 432 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 203 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 12 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 105 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 703 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 492 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ხორბალის სასაქონლო ჯგუფმა გადმოინაცვლა 184 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7595 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1770 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5824 მლნ. აშშ დოლარს (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-სექტემბერში 4054 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.