,,კონკრეტული დროის დაკონკრეტება, თუ როდის გაიზრდება პენსია 220 ლარამდე არ შემიძლია", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეკითხვაზე, თუ როდის გახდება პენსია 220 ლარი.
,,პენსია უნდა იყოს არანაკლებ საარსებო მინიმუმი.კონკრეტული ციფრებისგან მე ყოველთვის თავს ვიკავებდი. ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან გააკეთა არ სცილდება იმ ფარგლებს რასაც ჩვენ ჩვენს პროგრამაში ვაფიქსირებდით. ყურადღება მისაქცევია, რომ ჩვენ დროზე არ ვაკეთებდით ფიქსირებას. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით მსგავს განცხადებებს და დღესაც შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ აუცილებელია და ეს ასე უნდა იყოს და ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ციფრს, ასეთ მნიშვნელობას, მაგრამ კონკრეტული დრო დაფიქსირებული არ გვაქვს. პენსიასთან დაკავშირებით ჩვენ პროგრამაში ვერსად ვერ ნახავთ გამონათქვამს, პროგრამაშიც და გამოსვლებშიც, რომ ჩვენ ამას ვაპირებთ მოსვლიდან და მოსვლისთანავე. Eეს არის ჩვენი სტრატეგია. Mმე ზუსტად ვერ დღეს დაგიკონკრეტებთ , თუ როდის მოხდება ეს ერთ წელიწადში, თუ უფრო გვიან", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, პენსიის გაზრდა რამდენიმე კონპონეტზეა დამოკიდებული.
,,ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხერხდება და როგორ მოვახერხებთ ჩვენ რეალურად ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ხალხის დასაქმებას, თითოეულ ოჯახში შემოსავლის ზრდას, რაც პარალელურად ბიუჯეტის გაზრდას გამოუწვევს", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პარლამენტში ხვდება.