ხვალ, 25 ოქტომბერს, 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რევაზ სირაძის სახელობის „რუსთაველის კლუბისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა "ყვავილნარის" პრეზენტაცია გაიმართება.
"რუსთაველის კლუბის" დამფუძნებლები არიან ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი ქეთევან სირაძე და კლუბის დაფუძნების იდეის ავტორი და პროექტ „ვკითხულობთ რუსთაველს" ხელმძღვანელი თამარ ბარისაშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში ამ კლუბის დაფუძნება უკავშირდება პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსნის" გამოცემიდან 300 წლისთავს (როგორც ცნობილია, „ვეფხისტყაოსანი" პირველად 1712 წელს ვახტანგ VI სტამბაში დაიბეჭდა) და დიდი მეცნიერის რევაზ სირაძის სახელს. 2001 წლიდან ბატონი რევაზი იყო საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტ „ვკითხულობთ რუსთაველს" კონსულტანტი და ჟიურის საპატიო წევრი.
პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსნის" გამოცემიდან 300 წლისთავს უკავშირდება ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა "ყვავილნარიც". ეს არის ძველი სასიყვარულო თამაშის, ფლირტის, სახით გამოცემული "ვეფხისტყაოსნიდან" ამოკრებილი სასიყვარული შინაარსის ფრაზები. გამოცემის იდეის ავტორის დალი კუპრავას თქმით "თამაში აიგო "ვეფხისტყაოსნიდან" ამოკრებილ სასიყვარულო შინაარსის, ეროტიულ, გლამურულ ფრაზებზე. ეს გამოცემა ახალგაზრდებისთვის პოემის გადახედვის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა." სასიყვარულო ბარათები ილუსტრირებულია XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის კარის მხატვრის, "ვეფხისტყაოსნის" პირველი ილუსტრატორის, მამუკა თავაქარაშვილის ნახატებით. თითოეულ ბარათზე 6 მცენარის სახელია (ამ სახელებით მიმართავენ მოთამაშეები ერთმანეთს) და არც ერთი მათგანი არ მეორდება. მცენარეთა სახელები ალექსანდრე მაყაშვილის "ბოტანიკური ლექსიკონიდან" არის ამოკრებილი.
საგამოფენო დარბაზში გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური გამოცემები.