გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. როგორც ტელეკომპანია "მაესტრო" იუწყება, "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნით დადგინდა, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრამ გამოიწვია.
"ჩვენ გვაქვს სასამართლო ექსპერტიზის პასუხი, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრა ანუ ცოცხალი ბავშვი ჩააგდეს ქვევრში. "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, რომ კეთილი ინებონ და გამოხატონ ნება, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული", - განაცხადა ხათრიძემ.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოჯახის წევრების მიერ დასახელებულ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დაკითხულები ჯერ კიდევ არ არიან.