მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავს. როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლითაც მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები. საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა თანდათანობით გახდება ევროპის სოციალური სივრცის ორგანული შემადგენელი ნაწილი. ახალი სისტემის საფუძველი არის მსოფლიოში აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა, _ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ. რაც შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე იმყოფებიან ან მიაღწევენ საპენსიო ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული.
მთავრობის ახალი შემადგენლობა გეგმავს, საარსებო მინიმუმი გაუტოლდეს სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსიას, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია.
"საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია; აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება დღეს მოქმედი ნორმატივების საფუძველზე. გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა. გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების სისტემა იქნება ფედერალური და უნიფიცირებული, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების, მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქციები დელეგირებული ექნებათ მუნიციპალურ ორგანოებს", _ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.