სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარებულ 21-ე რაუნდს "საინტერესოს" უწოდებს და აცხადებს, რომ საინტერესო მოლაპარაკებებში არის ის, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობა იცვლება.
ამასთან ერთად ჩირიკბა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კრიზისში იმყოფება, ვინაიდან უკვე მეოთხე წელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთამნხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები მიდის და შედეგი ჯერაც არ ჩანს.
"ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ტექსტზე შევთანხმდეთ და ხელი მოვაწეროთ მას. ეს კი დაკავშირებულია ფუნდამენტალურ განსხვავებებთან ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ჟენევაში ასევე საუბარი მიდიოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების განახლებაზე, თუმცა ჩირიკბამ აღნიშნბა, რომ აფხაზური მხარის პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
სეპარატისტთა ე.წ. მინისტრი აღნიშნავს, რომ მართალია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ცალმხრივ განცხადებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ აფხაზეთს მაინც იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმება სჭირდება აფხაზეთსა და საქართველოს ასევე სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომლის შესრულების გარანტიც შესაძლოა იყვნენ რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ეუთო - ეს ჩვენი მიზანია.
"მაგრამ ვინაიდან საქართველო ყოველივე ამას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასად მიიჩნევს ყველაფერზე კატეგორიული უარით პასუხობდა, ამ შემთხვაში მონაწილეთა ძველ გუნდზე ვსაუბრობ - ქართული მხრიდან. მიუხედავად ამისა ჩვენ პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ხაზის გატარებას - ამ შეთანხმების გარეშე არავითარ ნდობაზე საუბარი არ არის",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშმნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლაზე უარი განაცხადა აფხაზური მხარე მუშაობას ამ მიმართულებითაც გააგრძელებს.