აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის აზრით, დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებსაც სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა სურთ, შეუძლიათ აფხაზეთში რუსეთში აკრედიტებული თავიანთი ელჩები გაგზავნონ (ან უშუალოდ თავიანთი პოლიტიკური უწყებიდან) და არა საქართველოში აკრედიტებულები. ეს განცხადება მან დღეს სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მიძღვნილ თათბირზე გააკეთა, რომელშიც ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და ე.წ. საგარეო საქმეთთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ანქვაბმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ელჩების აფხაზეთში ჩასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი თუ ისინი, ანქვაბის სიტყვებით "საკვანძო საკითხების" განხილვისთვის იქნებიან მზად.