"პრეზიდენტის პრეროგატივაა, შეიწყალოს პატიმარი კომისიისა და სიების გარეშე", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ. როგორც თევდორაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, გიორგი ცააძე შეწყალების კომისიის სიაში არ ყოფილა.
"შეწყალების კომისიის სხდომა, როგორც მახსოვს, 18 აგვისტოს ჩავატარეთ და ასეთი გვარი სიაში არ ყოფილა. თუმცა ჩვენს სიასთან ერთად პრეზიდენტთან შედიოდა სია ეკლესიიდან და პროკურატურიდან. პრეზიდენტის პრეროგატივაა, შეიწყალოს პატიმარი კომისიისა და სიების გარეშე, მაგრამ ამის შესახებ პრეზიდენტს აუცილებლად ვიღაცამ უნდა მიმართოს", _ განაცხადა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის - "გადაარჩინე სიცოცხლე" - თავმჯდომარის, იური ვაზაგაშვილის ინფორმაციით, შსს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე პრეზიდენტმა შეიწყალა.
იური ვაზაგაშვილი უკვე წლებია, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში გიორგი ცააძეს ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ასახელებს. როგორც ვაზაგაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, იგი სხვა საქმეზე იყო დაკავებული და პრეზიდენტმა შეიწყალა. ვაზაგაშვილის ინფორმაციით, ცააძემ საპატიმრო ორი დღის წინ დატოვა.