რუსეთი პირობას დებს, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ "მაგნიტსკის კანონის" მიღების შემთხვევაში მას უპასუხოდ არ დატოვებს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.
"აშშ-ს ადმინისტრაციასა და ამერიკულ კონგრესს აქვს ერთიანი აზრი ანტირუსული "მაგნიტსკის სახელობის კანონის" მიღების შესახებ, რომელიც სავიზო და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს ჩვენი მაღალჩინოსნების მიმართ", _ განაცხადა რიაბკოვმა დუმაში და აღნიშმნა - "ჯეროვანი პასუხის გარეშე ამას ვერ დავტოვებთ".
ამას გარდა, დღეს ევროპარლამენტი სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე "მაგნიტსკის სიის" დადგენილების შესახებ მდგომარეობას განიხილავს. 23 ოქტომბერს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა შედგება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს აშშ-ში შექმნილი ე.წ. მაგნიტსკის სიის საპასუხოდ ვაშინგტონის მაღალჩინოსნების ნუსხა უკვე შექმნილი აქვს, რომელთა შესვლა რუსეთში არასასურველადაა მიჩნეული. ეს განცხადება რამდენიმე ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოსკოვი გააგრძელებს აშშ-ს მოქალაქეების ნუსხის გაფართოებას, რომელთაც მიუძღვით პასუხისმგებლობა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მართსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენაში.
შეგახსენებთ, რომ ფონდ "Hermitage Capital Management"-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაცვალა.
აშშ-ის კონგრესმენებმა შეადგინეს ე.წ. "მაგნიტსკის სია" რომელიც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც ფიგურირებენ და სავარაუდოდ თანამონაწილენი არიან სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებისა.
სენატორმა ბენჟამინ კარდინმა და კონგრესმენმა ჯეიმს მაკგროვერნმა ეს სია ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში შეადგინეს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს. სიაში შეტანილია ყველა რუსული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი: "ეფ-ეს-ბეს", შს სამინისტროს, ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულების, ფედერალური საგადასახადო სამსახურის, გენპროკურატურის ასევე საარბიტრაჟო სასამართლოების წარმომადგენლები.
აშშ-ში შესვლისა და იქ ფინანსური ოპერაციების ჩატარების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მათ ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია მაგნიტსკის დაპატიმრებასა და საგამოძიებო იზოლატორში ჩასმაზე, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ამ სანქციების ქვეშ შეიძლება მოყვნენ ადამიანები, რომლებიც "თანამონაწილენი არიან საბიუჯეტო თანხების დატაცებაში, რომლებიც ფონდ"Hermitage Capital Management"-ს რუსულმა კომპანიებმა გადასახადების სახის გადაიხადეს. სანქციების ქვეშ ასევე ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაემალათ იურისტის დაპატიმრებისა და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების ამბავი".
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა ამ სიას რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი უდგას სათავეში, რომელის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის იანვარში რუსეთის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ანიჩინი რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი 2006 წელს გახდა, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელთანაც ერთად ანიჩინი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
სენატორ კარდინის სიაში ასევე არიან: რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი და რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვორონინი. ამას გარდა, სიაში ასევე არიან რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მაღალჩინოსანი, პოდპოლკოვნიკი, შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი არტემ კუზნეცოვი. სწორედ მას ჰქონდა წარმოებაში მაგნიტსკის საქმე. სწორედ მას ადანაშაულებდა მაგნიტსკი ბიუჯეტიდან თანხების დატაცებაში. სიაში ასევე ფიგურირებს მაიორი პაველ კარპოვი, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტში მუშაობს. მის წინააღმდეგ ჩვენება "Hermitage Capital Management"-ის იურისტსაც აქვს მიცემული.
რუსეთში აშშ-ს ინიციატივას შეურაცხმყოფელი უწოდეს. "ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდარუსული საქმეა და გამომძიებლები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მუშაობენ", _ აცხადებენ მოსკოვში და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინიციატივა რუსეთის სამართალდამცავ სისტემას შეურაცხყოფს.