ყაზახეთიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 45 წლის მალხაზ მგალობლიშვილი, ზედმეტსახელად "მახო" ოჯახთან ერთად გამოაძევეს.
მგალობლიშვილის მიერ სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ სასამართლომ მისი ყოფნა ყაზახეთის ტერიტორიაზე არამიზანშეწონილად მიიჩნია და დაადგინა, რომ მას ყაზახეთის ტერიტორია ორი დღის ვადაში უნდა დაეტოვებინა. ამის შემდეგ მახო, მისი მეუღლე და ვაჟი ანტალიაში გაფრინდნენ.
ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ნარკოტიკების გამო ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თუმცა მან ამ სასჯელს კიდევ ერთი წელი - ადმინისტრაციისათვის დაუმორჩილებლობის გამო დაუმატეს.
ყაზახური მედია იუწყება, რომ მათ ტერიტორიაზე მყოფ ორ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ლანდიას (კაკო ტბილისკის) და მგალობლიშვილს ყაზახური კრიმინალური დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ აყვანა და ე.წ. რესპუბლიკური ობშიაგის კონტროლი ჰქონდათ გადაწყვეტილი. თუმცა ორივე ზონაზე აღმოჩნდა.